ვარშავა (სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa – დედაქალაქი ვარშავა) - პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოსდედაქალაქია. მოსახლეობა შეადგენს დაახ. 1.716 855 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი — 2,631,902 ადამიანს. ქალაქი ადმინისტრაციულად 18 რაიონად იყოფა.
ვარშავა მრავალი ინდუსტრიის (მათ შორის — ლითონნაკეთობათა, ელექტრონული ინჟინერინგის და ავტოსამშენებლო წარმოებები) ცენტრია. აქვეა 66 უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (მათ შორის — ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია). ვარშავაში 30-ზე მეტი თეატრი მოქმედებს, მათ შორის — ეროვნული თეატრი, ოპერა და ფილარმონია.
1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა ვარშავის შენობების 80%, თუმცა ქალაქი აღგდა 50-იან წლებში. ქალაქის ისტორიული ცენტრი - ძველი ვარშავა - შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.
გეოგრაფია
ვარშავა მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ვისლას ნაპირებზე, მაზოვიის დაბლობზე. ქალაქი თანაბრადაა დაშორებული ბალტიის ზღვიდან და კარპატის მთებიდან (დაახ. 350 კმ). მდინარე ვისლა ქალაქის შუაში მიედნიება და ორ ნაწილად ჰყოფს მას.
ვარშავაში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8 °C, იანვარში – -3 °C ხოლო ივლისში – 19,3 °C. ზაფხული უმეტესად თბილი ან ცხელია, ზამთარი კი ცივი. კლიმატი მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა არის 550 მმ. ზამთარში იცის თოვლი და ყინვა. იყინება მდინარე ვისლაც.
ეტიმოლოგია
ვარშავის პოლონური დასახელება Warszawa ნაწარმოებია ზედსართავი სახელისგან Warszewa ან Warszowa, რაც Warsz-ის კუთვნილს აღნიშნავს. “Warsz” კი შუა საუკუნეებში პოპულარული სლავური სახელის, Warcisław-ის (იგივე Wrocisław-ის) შემოკლება უნდა იყოს.
ხალხური ლეგენდა დედაქალაქის სახელის წარმოშობას მეთევზე ვარსსა და მის ცოლს, სავას, უკავშირებს. სავა იყო ქალთევზა, რომელიც თავდაპირველად ბალტიის ზღვაში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქ გდანსკიდან მდინარე ვისლას დინებას აღმა აჰყვა და დღევანდელი ვარშავის ნაპირებზე გაჩერდა, სადაც მას მეთევზე ვარსი შეუყვარდა.სინამდვილეში ვარსი იყო XII-XIII საუკუნეებში მცხოვრები აზნაური, რომელიც ფლობდა სოფელს დღევანდელი ვარშავის ერთ-ერთი უბნის, მარიენშტატის მიდამოებში. ქალთევზა სავა კი დღეს ვარშავის სიმბოლოა და მის გერბზეა გამოსახული.
No comments:
Post a Comment